თეგი: მკვლელობის მცდელობა

პოლიციამ გურიაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავა

გურიაში, სამართალდამცავებმა 51 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც მეზობლის, 55 წლის ქალის მკვლელობა სცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მოკვლის მიზნით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ვ.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ვ.მ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში, კაფეში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მაისს, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, ბრალდებულმა, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ პირს დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ვინაიდან, ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, 30 მაისს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.